ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის
მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად
საქართველო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა
მის წევრებს აუკრძალა ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობა, რამდენიმე
ეროვნულ-დემოკრატი მაინც აღმოჩნდა ემიგრაციაში და მათ შორის იყო ექვთიმე
თაყაიშვილიც. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო
საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა
თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით
მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის
განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის
განძეულობა, vბორჯომის სასახლის ქონება და სხვა
მრავალი. თაყაიშვილი და მისი მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც
განძეულობა იყო, რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაყვნენ ხომალდს
კონსტანტინიპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე „ბიენ ჰოა“. ექვთიმე
თაყაიშვილი ამ გემზე დაუშვეს. ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში. მარსელში
მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39
დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში. თაყაიშვილი დასახლდა თავდაპირველად
პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სასტუმროში, სადაც ქართული დელეგაცია
ცხოვრობდა. 1922 წლიდან გადავიდა ლევილში. თაყაიშვილი ემიგრაციაშიც რჩებოდა
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. მონაწილეობდა სხდომებსა
და კონფერენციებში. არ უჭერდა მხარს შეიარაღებული აჯანყების მოწყობას. 1924 წლიდან
ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.
ლევილის შატო
საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი
საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა და განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით
მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა
საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების
(1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე
დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“
თავმჯდომარე. ამასთან, საფრანგეთში ექვთიმე უკიდურეს
გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მდგომარეობა 1931 წელს კიდევ უფრო დაამძიმა მეუღლის
გარდაცვლებამ. ამის შემდეგ ექვთიმე დროებით ბრიუსელში გადავიდ ასაცხოვრებლად. 1934
წელს მან ფეხი მოიტეხა.
ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში
(საფრანგეთი) და იქვე იყო დაკრძალული, თუმცა 1987 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს
თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, 2000 წელს კი — ექვთიმე თაყაიშვილის
გვერდით, მთაწმინდის პანთეონში.
განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ
ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. 1926 წელს
ფილადელფიაში უნდა გამართულიყოსაერთაშორისო გამოფენა აშშ-ის დამოუკიდებლობის 150
წლისთავის აღსანიშნავად. თაყაიშვილს შესთავაზეს, შეერჩია ექსპონატები გამოფენაზე
მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განუცხადა
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს მონინანქრებული ხატების მიყიდვაზე. ამ მუზეუმს უკვე შეძენილი ჰქონდა
მინანქრების ერთი, ჯუმათის მონასტრიდან წამოღებული კოლქეცია რუსი
ზვენიგოროდსკიდგან. ბრიტანეთის მუზეუმი ითხოვდა ახალგორის განძიდან ერთი ნივთის
შეძენას და სანაცვლოდ პირობას დებდა, რომ გამოყოფდა სხვა ნივთების დაცვის თანხას
და გამოსცემდა ალბომებს. თაყაიშვილმა ეს მოლაპარკებაც ჩაშალა. მან სასამართლოში
მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის
ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს
პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. პროცესი შვიდ წელს
გაგრძელდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა
კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული
მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის
ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა,
ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. გახსნილი იქნა ყუთები და განძეულობა
მარსელიდან პარიზში გადაიტანეს. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის
მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა
ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა
შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს
ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და
შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე
გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს
განხორციელდა კიდეც.
„თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“
„თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“
სკივრი,რომლითა ექვთიმემ საქართველოს განძი შეუნახა
Комментариев нет:
Отправить комментарий