"სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი...“ "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვარ და არ მაქვს უფლება, ბედს დავემდურო."

მოგონებები


კონსტანტინე გამსახურდია 

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

(ნაწყვეტი)

 აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გავიცანი 1918 წელსიგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი ვყოფილიყავი, მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა, მის განკარგულებაში იყო.
ექვთიმე თავათ ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა ქართული ქრონიკები საფუძვლიანად შემესწავლა და მათთვის პოეტური ექვივალენტები შემექმნა.
იმჟამად მე უპირატესად იტალიისა და საერთოდ ევროპის ისტორიით ვიყავი გართული, მიუხედავად ამისა, ენერგიულად მივყავი ხელი ქართული ქრონიკების შესწავლას. ამავე ხანებში დამიმეგობრა ივანე ჯავახიშვილმა. ორივენი მთხოვდნენ ევროპას მიმავალს, ვატიკანის, ბერლინის და პარიზის ბიბლიოთეკები შემესწავლა და შემდგომ ამისა რომანები და ნოველები დამეწერა. ივანე ჯავახიშვილი მთხოვდა ნიურნბერგს ვწვეოდი, რადგან იქ ეგულებოდა მას შუასაუკუნეთა საქართველოს შესახებ ცნობები.
მე წავედი კიდევაც ნიურნბერგს, მაგრამ იქ წავაწყდი მხოლოდ ჯვაროსანთა ისტორიებსა და ქრონიკებს.
1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი, ხანგრძლივად მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო.
ცნობილია, . თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების მიერ წაღებულს საქართველოს სიძველეთა საგანძურს და ცერბერივით დარაჯობდა მას მრავალი წლის მანძილზეიმ წელს ბარე რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში ,,დიონისოს ღიმილსვწერდი, თანაც აღმოსავლეთის ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ არც მქონდა კონკრეტულად განზრახული რაიმე დამეწერა ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის. წლის ბოლოს მე ტოკიოში მიწვევდნენ გერმანული ლიტერატურის კათედრის დასაკავებლად.
ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება და ერთ საღამოს უკანასკნელად ვეწვიე ექვთიმეს.
მან გაიხარა ჩემი განზრახვა რა გაიგო.
,,შენისთანა ახალგაზრდა რომ ვიყვე (და აქ მან სიტყვა ტალანტი ახსენა) და შენისთანა ტალანტი რომ გამაჩნდეს, მე დაუყოვნებლივ წავიდოდი და საქართველოს შევალევდი ჩემს ძალასა და სიცოცხლეს.ხომ ხედავ, რა განსაცდელშია ჩვენი ხალხის უძვირფასესი საგანძურები. სანამდის პირში სული მიდგას, მე მათ უნდა ვუდარაჯო აქ“.
წყარო: . გამსახურდია, რჩეული თხზულებანი რვა ტომად, . VII, თბილისი, 1965



ვახტანგ ბერიძე

ექვთიმე  თაყაიშვილის დაბრუნება
მინდა გავიხსენო ერთ ყოველმხრივ ღირშესანიშნავი ამბავი ექვთიმე თაყაიშვილისა და ევროპაში გატანილი ქართული განძის დაბრუნებისა საქართველოში. ეს მოხდა 1945 წლის 11 აპრილს
ექვთიმე თაყაიშვილი და ჩვენი ქართული განძის ჩამოსატანად გაგზავნილი პირები: შალვა ამირანაშვილი და პეტრე შარია.კაირო თეირანის გზით ჩამოფრინდნენ. ბატონი ექვთიმე სასტუმროთბილისშიდაბინავეს. მამაჩემი  (ვუკოლ ბერიძე) იმავე საღამოს წავიდა მის სანახავად და თან წამიყვანა.. თუ მამა და მისი თაობის ადამიანები მას ადრე იცნობდნენ, ჩემი თაობისთვის ექვთიმე ლეგენდარული პიროვნება იყო, ის შარავანდედთ მოსილი, როგორითაც ძველი საქართველოს დიდი მოღვაწენი-გრიგოლ ხანძთელი ან მთაწმინდელები.
ვისაც საქმე აქვს საქართველოს წარსულთან, მის ისტორიასთან, მწერლობასთან, ნივთიერ კულტურასთან, ხელოვნებასთან, ის თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ხვდება თაყაიშვილის სახელს და შემდეგაც ფეხს ვერ წაადგამს მისი ნაშრომების მოუხმობლად. ძნელი წარმოსადგენიც არის , როგორ შეძლო ერთმა ადამაინმა იმდენი რამ გაეკეთებინა, რამდენიც მან გააკეთა, როგორც მკვლევარმა, სიძველეთა შემკრებმა და მომვლელმა, საბუთების გამომცემელმა, მეცნიერების ორგანიზატორმა, საზოგადო მოღვაწემ.
მე გულის ფანცქალით შევედი მის ოთახში. კორნელი კეკელიძე და გიორგი ახვლედიანი მოვიდნენ. გადაგვეხვია, დიდხანს გვკოცნიდა
-საარაკოა ჩვენი გადარჩენა, საარაკოარამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა ყველაფერი. განსაკუთრებით ომი , რომ დაიწყო, მის შემდეგ.-ეს იყო მისი პირველი სიტყვები.
მეორე დღესვე ესტუმრა საქართველოს მუზეუმს არმაზში აღმოჩენილი ნივთების სანახავად. მთელი მუზეუმი ფეხზე იდგა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ, ზოგს ცრემლები მორეოდა. ბატონ ექვთიმე ჩამოსვლისთანავე ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ყველაფერი წინანდებურად აინტერესებდა, ყველაფერი ახსოვდა-ყოველი წვრილმანი;
რა თქმა უნდა, ქართულ სიძველეთა დაბრუნება და ბატონი ექვთიმეს ჩამოსვლა უმთავრესი სასუბრო თემათაგანი იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, მეცნიერი ძალიან პოპულარული გახდა, მის ნახვასა და მოსმენას ყველა ნატრობდა. ამიტომაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში დაინიშნა მისი საჯარო ლექცია. გადავწყვიტე ადრე მივალმეთქი, მაგრამ აკადემიის შენობას, რომ მიუახლოვდი ქუჩა უკვე სავსე იყო ხალხით. შენობაში ვეღარ შეხვიდოდი, კიბე, დერეფნები, დარბაზი სავსე იყო. ძალიან დავღონდი, რაკი დარბაზში შეღწევის იმედი არ მქონდა, სწორედ ამ დროს ჩემ წინ გაჩერდა ბატონი ექვთიმეს მანქანა. სწრაფად გავაღე მანქანის კარი, ფრთხილად გადმოვიყვანე მკლავი მკლავში გამოვდე და ასე გავემართეთ კიბისკენ. ხალხმა გზა მოგვცა და ნელ-ნელა ავაღწიეთ  დარბაზამდე. იგი პრეზიდიუმში ავიყვანეთ, მეც გვერდით მივუჯექი-სანამ ლექციას  დაიწყებს, იქნებ რამე დასჭირდესმეთქი, მაგრამ ლექციის დაწყება შეუძლებელი იყო: დარბაზი გაიჭედა, დერეფნებში დარჩენილებიც ცდილობდნენ შემოსვლას, საშინელი ხმაური იყო. იმ დღეს ლექციის ჩატარება აღარ მოხერხდა, მეორე დღისთვის გადაიდო და კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა.
 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორივახტანგ  ბერიძე
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე
1948 წლის 18 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დაბადების  დღე გადაიხადა, 85 წლის გახდა. ეს დღესასწაული მან ქართველ მეცნიერებთან თავაისებურ შეხვედრად აქცია. აი ვინ იყო იქ, იმ საღამოს: კორნელი კეკელიძე , გიორგი ჩუბინაშვილი; დიმიტრი უზრაძე; გიორგი ახვლედიანი; აკაკი შანიძე; ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ვარლამ თოფურია, შალვა ამირანაშვილი, ილია ვეკუა, იოსებ გრიშაშვილი, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ ყიფშიძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, კოტე მარჯანიშვილი და სხვები; „ახალ თაობასსამნი წარმოვადგენდით-გოგი ლომთათიძე, ანდრია აფაქიძე და მე.
ბუნებრივია, განსაკუთრებით სასიხარულო , ამაღლებული განწყობილება სუფევდა.
სუფრას თვითონ ექვთიმე უძღვებოდა, სანამ სტუმრების სადღეგრძელოს იტყოდა, მან წარმოთქვა შესავალი სიტყვა, რომელიც ასე დაიწყო: როდესაც მე საფრანგეთიდან ჩამოვედი  და მიწაზე ფეხი დავდგი, მგოსნის სიტყვები გამახსენდა: „ ცა- ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო“ – და მან სულ ბოლომდე თქვა ლექსი. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ წარმოუდგენლად დაძაბული სიჩუმე იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას ისევე, როგორც მე ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ეს საკვირველი ლექსი სხვას კი არ დაუწერია, არამედ აი ახლა იმ წუთებში იბადებოდა ჩვენს თვალწინ. ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე იშვიათად განმიცდია ისეთი მღელვარება, როგორიც იმ წუთებში განვიცადე.
რა ბედნიერებაა  ჩვენთვის, ასეთი კაცი, რომ  არსებობდა ქვეყნად!
  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ვახტანგ  ბერიძე


მარიამ ლორთქიფანიძე

ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვა

ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვის წინა დღით, 23 თებერვალს ისტორიის ინსტიტუტში მოვიდნენ ორგანოს თანამშრომლები და ინსტიტუტის თანამშრომლები კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რათა არც ერთი ჩვენგანი არ დავსწრებოდით ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის დასაფლავებას. დაკრძალვის დღეს იყო ცუდი ამინდი, სიცივე, ქარი და თოვლჭყაპი. დაკრძალვაზე ისტორიის ინსტიტუტიდან წავედით ოთხნი: მე, ტარიელ ჩუბინაშვილი, ოთარ ჯაფარიძე და ნიკო ქანთარია. ვაშლოვანის ქუჩაზე ჩვენთან მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ლამაზად გამოწყობილი პიროვნება და ასე მოგვამრთა: ,,Молодые людиь вы отдали честь покойнему. расходитесь".
უამინდობის გამო ჩვენ შეიძლება შინ წავსულიყავით, მაგრამ ამ პიროვნების საქციელმა ისე გაგვაღიზიანა, რომ პროცესიას ბოლომდე გავყევით. ვინ იყვნენ ის თავდადებული ქართველები, რომლებმაც ბოლომდე პატივი მიაგეს ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს (ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 28 კაცი). აი ისინიც: ქრისტინე შარაშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე ბარამიძე, კორნელი კეკელიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე, იოსებ მეგრელიძე, ვახტანგ ბერიძე, გიორგი ლომთათიძე, ნინო ღოღობერიძე, ჰაიდარ აბაშიძე, ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ცაცა ყურაშვილიგავაშელისა, ლიანა დოლაბერიძე, ირინე წიტაიშვილი, ქსენია კამკამიძელორია, ტარიელ ჩუბინაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ნიკო ქანთარია, გურამ ბარნოვი, ზურაბ კიკნაძე, გურამ რამიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ედიშერ გიორგაძე, კოტე ჩოლოყაშვილი... დაბოლოს იმასაც აღვნიშნავ, რომ რომ მაშინ ქართულ ეკლესიას ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი არ გადაუხდია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე.
ბატონ აკაკი შანიძეს ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან ხელში სჭერია მისი ახლად გამოსული სქელტანიანი მონოგრაფია და უთქვამს: ,,ძმაო ექვთიმე, შენ არც მიტინგი გჭირდება, არც ძეგლი, შენი ძეგლი შენი წიგნებია, ძალიან მწყდება გული, ცოცხალს რომ ვეღარ მოგისწარი ამ წიგნით"...
წყარო:  ცინცაძე დურმიშხან, ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე, თბილისი, 2009.

ლადო გუდიაშვილი

უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწაწყალზე მდებარეობენ... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები ექვთიმე თაყაიშვილის თქმითერთ მუზეუმს ეყოფოდა“!
1917 წლის ექსპედიციამ, რომლის წევრები გახლდათ: ინჟინერარქიტექტორი .. კალგინი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, პოეტი ილია ზდანევიჩი და მე, ბატონ ექვთიმეს უშუალო ხელმძღვანელობით, გადმოვიღეთ ფრესკების ასლები, ტაძრების გეგმები და ჭრილების ნახატები. გაკეთდა მულაჟი მათი ბარელიეფისა და ..
ყველაფერი ჩამოვიტანეთ თბილისში და დღეს  მუზეუმის საკუთრებას შეადგენს.
ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილმდებარეობა, რაც აღნიშნულ ექსპედიციამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისათვის.
             ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში. აქ მდებარე ძეგლთა შორის არიან ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიციშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაიუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენებულ პირთა ვინაობა და სახელები, ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში.
            უზომო სიყვარულისა და სიხარულის გრძნობით ვიგონებ ბატონ ექვთიმესთან მუშაობის დროს. ამ დიდად განსწავლული მეცნიერის გული აღსავსე იყო სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით, ქართველი ერის შემოქმედებითი ენერგიისა და პოტენციის ძველი კულტურის გამოვლენის სურვილით.
  მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა:
ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს, ზუსტად ამოიკითხეთ ყოველი მათგანი! – თვითონაც როგორცქორონიკონიიდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს და გვკითხავდა, – მიშა, ლადო, ახლოს მიდით წარწერებთან, სათითაოდ მიკარნახეთ! – ჩვენ წარწერებთან უფრო ახლო, უფრო გაბედულად მივფოფხდებოდით, ხმამაღლა ვუმეორებდით ყოველ ნიშანს და ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღფრთოვანდებოდა, როცა ჩვენი ნათქვამი მის მიერ ნავარაუდებს დაემთხვეოდა.მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის შეუდარებელი უნარი. უმრავლესობას იქვე, გადმოღებისთანავე, კითხულობდა, ზოგს უფრო რთულს, სადგომში მისვლისას. ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეებს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია ნაპოვნი რამ ამოუკითხავი.თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ხოლო აქ ყველაფერი ახალი იყო, დღისით იქნებოდა ძეგლზე თუ ღამით, დასვენებისას... ახალგაზრდულად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა, აღფრთოვანებით შესძახებდა: – აღმოჩენაა!... ახალი აღმოჩენა!
ჩვენც ვიზიარებდით  სიხარულს, ვიცოდით, ჩვენი ისტორიის ახალი, უცნობი ფურცელი იშლებოდა, ჩვენც გვედებოდა მისი აღფრთოვანება: აღარც ჩვენ ვიზოგავდით თავს. ვცოცავდით კლდეებსა და დანგრეულ კედლებზე, ვიღებდით, ვიწერდით, ვხატავდით, ვეგულისხმებიდით ყველაზე უფროექვთიმეს სამყაროს“!
       მცოცავთა შორის, ყველაზეაკრობატიილია ზდანევიჩი გამოდგა; ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დავით შევარდნაძე იყო... ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე. კეთილი მექართულე და ქართული ძეგლების მოტრფიალეც.
ჩემი ექსპედიციაში წაყვანაც, სწორედ დავით შევარდნაძის მეშვეობით მოხდა.
ყველაზე ხალისიანი და მუდამ დაუცხრომელი ხომ მიხეილ ჭიაურელი იყო. ერთხელ მახსოვს, ჩუმად მინარეთზე აძვრა დამრევლიუდროო დროსალოცა“.
რუსეთთურქეთის ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი, ხშირად, არც თუ ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი  ყუმბარები და ხმა გადაგვივლიდა. ამ რთულ ვითარებაში განსაკუთრებით ჩანდა დაუცხრომელი ზრუნვა ჩვენი ექსპედიციის მომმარაგებლისა, თარჯიმანისა და ტრანსპორტის გამრიგებლის ალექსანდრე ციციშვილისა, ჩვენი ქვეყნისა და ძეგლების გულდაგული პარტნიორისა.
დანარჩენებს არ შევეხები, მათი მოღვაწეობა და ღვაწლი ცნობილია.
ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დასტოვეს იქ ნანახმა ძეგლებმაც და ადამიანებმაც, თითქმის ყოველ ხურთომოძღვრულ დიდ ნაშთთან გვხვდებოდნენ გაწამებული ადამიანები, ქართულად შემოგვხაროდნენ და შემოგვტიროდნენ.
ერთი წყაროსთნ, ბიბლიურ წლისა და სახის მცხოვანი უძრავად იწვა. სიბერისაგან ფეხზე ვეღარ დგებოდა, მხოლოდ იცრემლებოდა და ჩურჩულებდა:
– წყალი ივლის, ივლის... თავის ნაგუბარში ჩადგება!
ერთიც შევამჩნიე. სამხრეთ ქართველებსძველი ტაძრების, ქართული კულტურის კერების გავლენა, მიუხედავად სრული გამაჰმადიანებისა, ახლაც ეტყობოდათ. კრძალვა და რიდი მაინც ჰქონდათ მამაპაპური სალოცავებისა. ქალებიც მაინცდამაინც თავს არ უდებდნენ ჩადრს. ჩვენ ვთხოვეთ და ყველამ ადვილად გადაიხსნა, სახე დაგვანახა, სურათიც კი გადაგვაღებინა... ჩვენ წინაშე კვლავ გაბრწყინდა ქართული ჯიშის დახვეწილობა და სილამაზე.
ძეგლთა უხვ სამკაულებს შორის ჩამრჩა ხახულში ნანახი, ქვაში ტვიფრული სიმბოლოქართული ფასკუნჯიმუდმივი აღორძინების იდეა.ეს კლასიკური ნიმუში ნოტრდამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხარბება!
საერთოდ ჩუქურთმების, შემკული სვეტებისა და კვარცხლბეკების, გორელიეფების, ფერადსხივური წყობისა და კამარების მთელი ქართული შემოქმედური გულუხვობა არის წარმოდგენილი.მაგონდება ერთი შემთხვევაც, ოშკში წმინდანების გორელიეფები ვნახეთ. ერთერთს თავი აკლდა
ქვევით, კედლის ძირში, ნამსხვრევების გორა ეყარა. დავძებნე და წმინდანის თავს მივაგენი. მივაზომე და სწორად ჩაჯდა. ექვთიმე თაყაიშვილმა გულმხურვალედ გადამკოცნა.
მთლიანობის აღდგენა, უძნელესი და უკეთილშობილესი შემოქმედებაა! შენ თითქოს იმედი გამიმთელე!
ჩემი მოხვედრა ექსპედიციაში განსაზღვრა იმ ლტოლვამ, რომელიც მეც სიყრმიდან მამოქმედებდა. – ყველგან ქართული ძეგლებისა და კედლის ნახაზებს შორის ვეძებდიმხატვრულ ქართულობასდა ეს მით უფრო სამხრეთ საქართველოში იყო საძებარი.
ჩემი ცხოვრების რთული და ეკლიანი გზით უკმაყოფილო მაინც არა ვარ. ამ შემთხვევაშიც მე, ახალ სამყაროს გარემოში აღმოვჩნდი, რომლის კარი პირველად ჩაკეტილი დამიხვდა. მაგრამ ცნობისმოყვარეობითა და სითამამით აღჭურვილმა, უკან აღარ დავიხიე. დიდი იყო მშობლიურობა და ცდუნება ამ ფანტასტიკური საიდუმლოების გაგებისა.

ვიგრძენი თუ არა მისი სიდიადე, ამ ეროვნული კულტურის საუნჯის სიღრმეში უმალვე ჩავიძირე. ჩემი მხატვრული შემეცნების წინაშე გადაიშალა საოცარი, ფერწერული ხილვებით აღსავსე სამყარო. ამ კედლების მხატვრობამ დამატყვევა სურათოვანების ორიგინალობით, მაღალი ხატოვნების თავისებურებით, მეტად ინდივიდუალური წყობის მქონე სტილით. ფრესკები გასაოცარი ჰარმონიით ერწყმოდნენ ტაძრის არქიტექტურას, ნაგებობათა მთელ ანსამბლს, ასევე მთელ გარემოს.
ამ უბრწყინვალესი მხატვრობის თემები, უმთავრესად სასულიერო ხასიათისა იყო. უნატიფეს და ულამაზეს წმინდანებს მზექალების და მზევაჟების სახეები ჰქონდათ. რა ძალით გვიცქეროდნენ ღვთისმშობელი და მისი დობილები, მათ სურთ ავს აგვაშორონ. აგერ მზეჭაბუკი თეთრ ბედაურზე, იგი საქართველოს მცველი და მფარველი უნდა იყოს. ამ პერსონაჟებს საოცარი მიმზიდველობის ძალა აქვთ, მათი კეთილშობილება გხიბლავს, მზად ხარ მათ მიენდო, ისინი გიჯერებენ, რომ ქართველი ერის შემოქმედებითი გენია არ გაჰქრება.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები, თითქოს უპატრონონი, საუკუნებრივ ძილსაც კი მისცემიან, მაგრამ თითქოს ისინი მშობლისა და მფარველის განუწყვეტელ ლოდინში იყვნენ, ალერსს ითხოვდნენ, იქნებ ჟამთა სვლა და სიავე ფერფლად ქცევასაც კი უქადდა, მაგრამ ჩვენ დროულად შევაღეთ ამ ტაძრების საუკუნეთა მანძილზე დახშული კარები, ძველი შემონახული ბგერებისა და ხმების პირველწყაროს საკვირველი ძალით წვდებოდა ჩვენი ინტუიცია, გრძნობდა ჩვენი გულისყური. ჩვენც ყველანიექვთიმოსნებიგავხდით!
ამ ფრესკებში მე დავინახე საუკუნეობრივი განძი და უკვდავება. კომპოზიციებმა, სცენებმა და პერსონაჟებმა ამ კედლებზე, ასე მაღალ მხატვრულად წარმოდგენილმა, ჩემს ფიქრებში აღადგინეს და გააცოცხლეს ძველთაძველი ეპოქები, მრავალსაუკუნოვანი სანახაობები. მე გატაცებით ვეწაფებოდი იმ დიდი ადამიანების მიერ დატოვებულ გენიალურ ქმნილებებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ადამიანთა ბედნიერებას
ამ ფრესკებში გენიოსთა მიერ გარდაქმნილი სამყარო, ჰარმონიულად შერჩეულ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე ააგეს, ავთა და უგუნურთა დასაგმობად.
რა დიდი ნეტარება განმაცდევინა ამ მშვენიერების გარემოში ხანგრძლივად ყოფნამ! ხოლო მის სულიერ გავლენას მარადჟამსა ვგრძნობ!
რა შეიძლება მოგვცეს ამ მხატვრობამ, ან რით შეიძლება დაეხმაროს ეს კულტურის ტრადიციები  ჩვენს დღევანდელ სახვითი ხელოვნების მუშაკებს?
ჩვენი დღევანდელი მხატვრობის გზები ძალიან რთული და საკმაოდ             მიხლართულმოხლართულია. ფიქრობენ, რომ რენესანსის ეპოქამ სავსებით ამოსწურა აკადემიური სკოლების შესაძლებლობანი. ევროპულმა მხატვრებმა ლუვრის მუზეუმის ირგვლივ რკინის გაუვალი კედელი აღმართეს, რათა იქით არ გაეხედათ. მტკიცებას არ საჭიროებს არც ის ფაქტი, რომ ლეონარდო და ვინჩიმ მაქსიმალურად გამოიყენა გონების ძალა და რესურსები. მაშ რა გზას ეწიოს თანამედროვე ხელოვანი ამ ცივილიზაციაში, როდესაც ასე მოჭარბებულია მეცნიერული აღმოჩენები. გაძლიერებულია ტექნიკა, მექანიზებულია მთელი ჩვენი თანამედროვე ცხოვრება. სად და როგორ ეძიოს ახალი სასიცოცხლო საშუალებანი? რა თქმა უნდა, დიდ შემოქმედს მუდამ დიდი შინაგანი იდუმალი ძალა გააჩნია. ჩემი წინაპრები, რომელთა ქმნილებების წინაშე მე ამ ტაძრებში უტყვი ვიდექი, ვხედავდი, რომ ისინი თავის გენიალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ გრძნობითა და ინტუიციით ნაკარნახევი ხერხებითა და საშუალებებით. ეს მაღალი პრინციპი, ჩემის აზრით, გასდევს და უდევს საფუძვლადმხატვრულ ქართულობას“.
ამ კედლის მხატვრობის ნახვა და შესწავლა, აგრეთვე დამეხმარა იმის დადგენაში, თუ რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს სტილი, ან რაშია სირთულე. როგორც ცნობილია, სტილი ესა თუ ის მანერა, რომელსაც ხელოვანი იყენებს თემის სიუჟეტის, იდეის ხორცშესასხმელად. მანერაში, რა თქმა უნდა, შედის ხელოვანის ნატურის, ტემპერამენტის, ხასიათის, ეროვნული თავისებურებების პიროვნული ნიშნები. სტილში ნათლად გამოსჭვივის პიროვნების შემოქმედებითი პროცესის დინება, მისთვის დამახასიათებელი ტემპი, რიტმი, აღტყინების, მღელვარების, თავშეკავების ძალა, ხელოვანის მხატვრული მეტყველების მრავალმხრივობა და მრავალფეროვნება. მე მჯერა, რომ არა მარტო ხილული და უხილავი ინდივიდუალური თვისებები ან სულიერი შეხება რომელიმე კონკრეტულ ფაქტთან ქმნის სტილს, არამედ ყველაფერი ის, რაც შეადგენს ინდივიდუმის შინაგან სულიერ სისტემას
ჩემი მხატვრული სტილის ჩამოწრთობაში, ქართულმა ფრესკამ, რომელიც მე მშობლიურ პირველწყაროდ მიმაჩნია, კეთილი, სულიერი ხელი დამადო.
ხახულის ტაძარში მოხდა ჩემი პირველი შემოქმედებითი შეყრა ფრესკასთან. აქ, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, გავაკეთე კედლის მხატრობის ასლიიერუსალიმში შესვლასაკმაოდ დიდი ზომისა. გარდა ამისა, მე გადმოვიღე პირებიქრისტეს ფიგურისადა რამდენიმე წმინდანის მთლიანი კომპოზიციური პორტრეტი
ახლა ჩემს გონების თვალწინ, დიდი ფრესკად აღმართულა წარსულის იმედიანი მწიგნობარითვით ექვთიმე თაყაიშვილი.
წყარო: ჟურნალი ,,ძეგლის მეგობარი“, XIX კრებული, თბილისი, 1969.



Комментариев нет:

Отправить комментарий